საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 ივნისი 2020

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.   ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მნიშვნელობა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მიმდინარე წელს, COVID 19 პანდემიით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არარაციონალური განკარგვის რისკები.  მსგავსი რისკების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სატენდერო პროცედურების გარეშე განხორციელებულმა შესყიდვებმა და სხვა.

 

2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებით  განსაზღვრული სავალდებულო  პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, მოიცავს  იმ მინიმალური ინფორმაციის ჩამონათვალს,  რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის და უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების  საქმიანობის, გეგმების, დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, შესყიდვებისა და ქონების პრივატიზაციის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის პროაქტიული გამჭვირვალობა. ამ დადგენილებით, საწყის ეტაპზე ქვეყანაში დამკვიდრდა პროაქტიული გამჭვირვალობის  გარკვეული სტანდარტი, რომელიც სამომავლოდ საჭიროებდა გაუმჯობესებას.  2013 წლის შემდეგ, მიუხედავად IDFI-ს არაერთი რეკომენდაციისა საქართველოს ხელისუფლებას  მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ამასთან, IDFI-ს კვლევები ცხადყოფდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფდა მთავრობის დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვან შესრულებასაც კი.

 

საქართველოს მთავრობის  დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტის გაუმჯობესების აუცილებლობა, კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც  საზოგადოების სათანადო ინფორმირება ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად იქცა.  ქვეყანაში არსებული გამოწვევების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით IDFI-მ  შეიმუშავა, კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. ამ დრომდე, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებულ სტანდარტში, ცვლილებები არ შესულა. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშის ფარგლებში, განხორციელებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კვლევის მეთოდოლოგიაში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

ძირითადი მიგნებები:

 

- 2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

 

- მონიტორინგის  ობიექტი 121 საჯარო დაწესებულებიდან, 2020 წლის მაისის მდგომარეობით 17-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი; 

 

- 14 საჯარო დაწესებულებას ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან ამ განყოფილებაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია გამოქვეყნებული;

 

- 2020 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 55%-ია,  რაც  2%-ით აღემატება 2019 წლის, ხოლო 16%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;

 

- 2020 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ საქართველოს პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (38%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (40%).    

 

- 2019 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 6-მა, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;

 

- საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების  საშუალო  მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს , მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 75%-ია;

 

- სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 30%-ს,   სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;

 

- ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთანდაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება;

 

- არცერთ შეფასებულ  საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (CSV ან XML) სახით.  30 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში;

 

- მხოლოდ 59  საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი  განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი. 

 

დასკვნა/რეკომენდაცია

 

2020 წლის მაისის მდგომარეობით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ  უწყებების  უმრავლესობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მაღალი სტანდარტით  და თანმიმდევრულ გამოქვეყნებას.

 

2013 წელს საქართველოში დანერგილი სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის  სრულიად ახალი, პროაქტიული გამჭვირვალობის სტანდარტის მიმართ, საჯარო დაწესებულებების მხრიდან   არსებული დამოკიდებულება   მნიშვნელოვნად აზარალებს რეფორმის  შემდეგი განვითარების პერსპექტივებს. შედეგად, საქართველოს ხელისფლების მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე რჩება IDFI-ს ისეთი ინციატივები როგორიცაა:  ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება და რეფორმის მეორე ტალღის განხორციელება, ინფორმაციის ღია მონაცემების ფორმატში გამოქვეყნების და ღია მონაცემთა პორტალზე - data.gov.ge განთავსების ვალდებულების აღება, კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის პანდემიის გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვა.  

 

საჯარო დაწესებულებებში  ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასურველია საჯარო დაწესებულებებმა გაითვალისწინონ IDFI-ს ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეხება სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაუმჯობესებას, მათ შორის, კრიზისულ სიტუაციებში მოქნილი ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე მნიშნელოვანია:

 

- საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.   მათ შორის სავალდებულოდ უნდა განისაზღვროს იმ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელის შესახებაც მოთხოვნით წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებას მიმართა 3 და მეტმა განმცხადებელმა;

 

- საჯარო დაწესებულებები არ უნდა შემოიფარგლონ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტით და  ინფორმაციას უნდა აქვეყნებდნენ  დეტალური სახით (მაგ. თანამდებობის პირთა სახელებისა და გვარების მითითებით); 

 

- უნდა დაინერგოს საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემების  ფორმატში გამოქვეყნებისა და  მათი ღია მონაცემების პორტალზე data.gov.ge-ზე განთავსების პრაქტიკა.

 

სრული რეიტინგი იხილეთ აქ

 

 

/public/upload/Sida/07353294.pdf

 



მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024